ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ელექტრომრიცხველების მაჩვენებლების ხელოვნურად შემცირების ფაქტზე დააკავეს სააქციო საზოგადოება „თელასის" ორი თანამშრომელი: ლერი ლეთოდიანი და იგორ ბულბულაშვილი.
გამოძიების მონაცემებით, ეს პიროვნებები ძირითადად საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ ელექტრო მრიცხველის მაჩვენებლების შემცირებას.
სამართალდამცავების განცხადებით, მათ ხელი მიუწვდებოდათ მრიცხველების კაბინის გასაღებთან და შემდეგ სპეციალური ხელსაწყოების მეშვეობით ახდენდნენ ელექტრომრიცხვლებისათვის ლუქის ახსნასა და ციფრების კორექტირებას.
სამართალდამცველებმა ლეთოდიანი და ბულბულაშვილი მაშინ დააკავეს, როცა მათ ერთ-ერთი კომერციული ობიექტის კუთვნილ ელექტრომრიცხველზე ასახული დახარჯული ელექტროენერგიის მაჩვენებელი მეწარმისაგან გარკვეული საზღაურის მიღების სანაცვლოდ შეამცირეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.