15-16 ივლისს, ბულგარეთში, ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” ნადირაძემ განუცხადა, ის ამ შედეგს არ ელოდა, რადგან ჯანმრთელობის პრობლემების გამო სათანადო მომზადება ვერ გაიარა.
”მესამე ადგილი სასიხარულო ნამდვილად არ არის. თუმცა, ჩემი მგდომარეობიდან გამომდინარე, ამ შედეგით გახარებული ვარ. სიმართლე გითხრათ, ამასაც არ ველოდი, რადგან მზადებას ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გავდიოდი. ბელორუსიაში ჩასულს ვირუსი შემხვდა, გულზეც მქონდა პატარა პრობლემა, ექიმებმა დასვენება მირჩიეს. ერთი კვირა მთლიანად გამიცდა. ერთ კვირაში კი შეჯიბრისთვის მომზადება და მით უმეტეს, დიდი შედეგის დადება წარმოუდგენელი იყო. რთულია ერთი კვირა ივარჯიშო ნაავადნყოფარმა და მეტოქეებს რაღაც წინააღმდეგობა გაუწიო. თუმცა, მესამე ადგილის დაკავება მაინც შევძელი,” - განუცხადა ”ჯი-ეიჩ-ენს” ზაზა ნადირაძემ.
ის დღეიდან უკვე მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებს მზადებას, რომელიც 23 აგვისტოს, ჩეხეთში გაიმართება.
”ახლა ბელორუსიაში მივფრინავ, იქ გავივლი შეკრებას, რადგან იქ მოსამზადებლად კარგი პირობებია. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ძლიერ ფორმაში ვიყო და უკვე მეორე, მესამე ადგილისთვის კი არა, მსოფლიო ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ,” - განაცხადა ნადირაძემ.