თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ჯუზეპე ვერდის სამ ოპერას ააჟღერებს.
საკონცერტო შესრულებით წარმოდგენილი იქნება _ 12 ივლისს "ტრუბადური", 19-ში "ატილა", 25 ივლისს კი "რიგოლეტო". სპექტაკლებს წარუძღვება ცნობილი იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო. "ტრუბადურში" მანრიკოს განასახიერებს ასევე ცნობილი ახალგაზრდა ამერიკელი ტენორი მარკ ჰელერი.
ქართველმა მსმენელმა ჯანლუკა მარჩიანოს და მარკ ჰელერის ხელოვნება წლეულს მარტში ლადო ათანელის საქველმოქმედო ფონდის „თანადგომის" კონცერტზე გაიცნო. ამჯერად ჩვენს მელომანებს კვლავაც ეძლევათ ამ შესანიშნავ მუსიკოსებთან შეხვედრის შანსი. ოპერების საკონცერტო ვერსიებს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი, ორკესტრი, სოლისტები და აღნიშნული სტუმრები შესრულებენ საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (დავით აღმაშენებლის გამზ. 127). დასაწყისი 19 საათზე. ეწვიეთ ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს, მოისმინეთ ვერდის ოპერები და ისიამოვნეთ.