ვთქვი თავიდანვე, რომ ასე შექმნილი კომისია ვერ იმუშავებს-მეთქი და დამთავრდა პარტიების გასვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, მან თქვა, რომ ასეთი შექმნილი კომისია ვერ დადებს საკონსტიტუციო პროექტს და კომისიამ მუშაობა დაასრულა იმით, რომ ერთმა პარტიამ მოაწერა ხელი და არცერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ.
პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების გამო, სხვდასხვა საკითხი ყურადღების მიღმა დარჩა, როგორიცაა ინფლაცია ან დასაქმება. მან ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრის დაწყვებისას მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მაქსიმალური ჩართულობა მომხდარიყო საზოგადოების და პოლიტიკოსების მხრიდან. გიორგი მარგველაშვილი სწორედ ამ მიზეზით ხსნის მის მოთხოვნას, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ის, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი თანათავმჯდომარეების სახით ყოფილიყვნენ.
„ეს პროცესი რომ იწყებოდა, მე ვთქვი, რომ ჩვენ ეს პროცესი უნდა წარვმართოთ მაქსიმალური ლეგიტიმაციით და მაქსიმალური ჩართულობით და ამიტომ ვთქვი, რომ მე, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთად ვიყოთ თანათავმჯდომარეები, ანუ ფორმატი განვსაზღვროთ, მეტი ხალხი ჩავრთოთ და მეტი ვეურთიერთოდ საზოგადოებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, საყოველთაო განხილვებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას ისევ ხალხის მოსმენის მიზნით გადაწყვიტა, თუმცა აღნიშნავს, რომ შეხვედრებზე მოსული მოსახლეობის ძირითად ნაწილს თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლები შეადგენდნენ და სრული განწყობის ასახვა ვერ მოხდა.
გიორგი მარგველაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ "ვენეციის კომისიის" რეკომენდაცია არ გაითვალისწინა მმართველმა გუნდმა და "ქართულ ოცნებაში" ბოლომდე შეთანხმებვული პროექტი გაიტანეს პარლამენტში. მისივე თქმით, ის დილემის წინაშეა, თუ როგორ გამოვიდეს "ამ უაზრო დიალოგებიდან".