დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა ფალავანმა 120 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალამდე აშკარა უპირატესობით 8-0 თურქი იაკუბ იერლიკაია დაამარცხა, 10-0 აჯობა აზერბაიჯანელ ტაჰრან ამინზადეს, ნახევარფინალში კი ასევე მარტივად, უნგრელ ისტვაენ ვერეის 7-1 სძლია. პატარიძემ, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში, რუსეთის წარმომადგენელს, გიორგი გაჯინოვს 1 წუთში, ვადაზე ადრე აჯობა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.
დღესვე, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს გიორგი კურტანიძე დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) და თემურ ჭკუასელიძემ მოიგეს. საერთო ჯამში კი, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.