Freedom House-ის მონაცემებით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოში დემოკრატიულობის ხარისხი ყველაზე მეტად 2007 წელს დაეცა. ავტორიტეტული საერთასორისო ორგანიზაციის ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს მათ შორის: საარჩევნო გარემო, სამოქალაქო საზოგადოების არსებობა, დამოუკიდებელი მედია, ადგილობრივი მთავრობების დემოკრატიულობის ხარისხი, ცენტრალური ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხი, სასამართლოს დამოუკიდებლობა და კორუპციის დონე. აღნიშნული კომპონენტების შედეგების დაჯამების შემდეგ კი, Freedom House-ს საბოლოო დემოკრატიულობის ხარისხის ამსახველი ქულა გამოჰყავს.
საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოში კორუფციის ხარისხი ისეთივეა, რაც 1999-2000 წლებში - 5.0 ქულა.
საარჩევნო გარემო შედარებით გაუმჯობესებულია და 4.0-დან (1999-2000 წლები) 5.25-დეა გაზრდილი. აღნიშნულ კომპონენტში საქართველომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ყველაზე დაბალი ქულა 2007 წელს მიიღო - 4.50.
1999-2000 წლებთან (3.75 ქულა) შედარებით გაუმჯობესდა მედიის დამოუკიდებლობის ხარისხიც, დღეს, საქართველო ამ კომპონენტში 4.25 ქულას იმსახურებს. Freedom House-ის მოხსენების მიხედვით დღეისათვის საქართველოში არსებობს რამდენიმე დამოუკიდებელი ტელევიზია, პრესა, ინტერნეტ-ფორუმი და საინფორმაციო სააგენტოები. მედიის დამოუკიდებლობის კუთხით "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, საქართველომ ყველაზე დაბალი ქულა კვლავ 2007 წელს მიიღო - 4.0.
Freedom House-ის მოხსენების მიხედვით, საქართველოში იზრდება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დემოკრატიულობის ხარისხიც შესაბამისად 5.5 და 6.0.
რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს, საქართველოში 2006 წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა, რაც შესაბამის ქულაშიც აისახა - 4.75.
ყოველივე ზემოხსენებული კომპონენტების შედეგების შეჯამებით Freedom House საქართველოში ზოგადად დემოკრატიის განვითარების ქულას ადგენს, რომლის თანახმადაც, დღეს საქართველომ დემოკრატიის ხარისხის მიხედვით, 4.93 ქულა დაიმსახურა. ცნობისათვის, ამ კომპონენტში 1999-2000 წლებში საქართველოს 4.17 ქულა ჰქონდა. ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" მოსვლის შემდეგ კი, საქართველოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2007 წელს დაფიქსირდა - 4.68.