EUROCONTROL-ის მუდმივმოქმედმა კომისიამ ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ემონ ბრენანის კანდიდატურა აირჩია. როგორც ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფომ, საქართველომ არჩევნებში პირველად მიიღო მონაწილოება.
EUROCONTROL-ის გენერალური დირექტორის რანგში საქმიანობას ემონ ბრენანი 2018 წლის 1 იანვრიდან შეუდგება. იგი ორგანიზაციას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ემონ ბრენანი ირლანდიის საავიაციო ხელისუფლების (IAA) აღმასრულებელ დირექტორია და მისი კანდიდატურა არჩევნებზე ირლანდიის მთავრობის მიერ იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ბრენანი საქართველოში საქმიანი ვიზიტით 16 მაისს იმყოფებოდა, სადაც მან შეხვედრები გამართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „საქაერონავიგაციის“ პირველ პირებთან.
16 ივნისს, ბრიუსელში გამართული არჩევნებისა და კომისიის სხდომის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან კარანაძემ ემონ ბრენანს „ევროკონტროლის“ გენერალური დირექტორის თანამებობაზე არჩევა მიულოცა. მხარეებმა ისაუბრეს როგორც ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციასთან ისე ირლანდიის საავიაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაღრმავების გეგმებზე.
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) წევრი საქართველო 2014 წელს გახდა. ორგანიზაციის მთავარი მისიას, ფრენების უსაფრთხოება და ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის ფარგლებში, 21-საუკუნის შესაბამისი საჰაერო მოძრაობის მართვის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ორგანიზაცია წევრ სახელმწიფოებს დახმარებას უწევს თანამედროვე სტანდარტების სააერნაოსნო მომსახურების სერვისის დანერგვაში. გარდა ამისა, EUROCONTROL ზრუნავს ევროპის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდასა და სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერებისათვის ეფექტური, გარემოსადმი კეთილსასურველი, ინოვაციური პროექტების შეთავაზებაზე.
EUROCONTROL ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად მუშაობს ქართულ მხარესთან ადგილობრივი ერთიანი ცის დანერგვის (LSSIP), სააერნაოსნო მომსახურების გაუმჯობესებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. 2011 წლის ნოემბრიდან, ორგანიზაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დახმარებას უწევს ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის სტანდარტებით გათვალისწინებული ზედმხედველობის ეროვნული ორგანოს ჩამოყალიბების პროცესში, სპეციალისტების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში.