ექსპერტ ირკალი სესიაშვილის შეფასებით, დასავლეთ ევროპის ფრთხილი მოქმედება გამოწვეულია იმით, რომ სურთ რუსეთისგან რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მიიღონ.
"დიდი იმედია მაქვს, რომ აღმოსავლეთ ევროპა ჩვენი პოზიციების ღიად დაფიქსირებისკენ უფრო მეტად აქტიური იქნება, ვიდრე დასავლეთ ევროპა, რომელიც ცდილობს რუსეთის სარგებლობა გამოიყენოს. აქვე ის ფაქტორიც არის გასათვალისწინებელი, რომ აღმოსავლეთ ევროპასთან ამერიკა უფრო აქტიურად თანამშრომლობს, შესაბამისად მათი პოზიციები თანხვედრია. მათ ვაშინგტონის იმედი აქვთ, დასავლეთ ევროპა კი უფრო მეტად საკუთარი თავის იმედზეა და მათი ფრთხილი მოქმედება რუსეთთან მიმართებაში გამოწვეულია იმით, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მიიღონ. ამ შემთხვევაში "ვიგოდნიკობენ"", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე შეფასებით, საქართველოსადმი დასავლეთ ევროპის მხარდაჭერა დამოკიდებული იქნება, რამდენად აქტიური იქნება აშშ პოზიციების დასაცავად და რამდენად ქმედითი იქნება მათი ნაბიჯები.
"თუ დაინახეს, რომ აშშ-ს რუსეთთან მიმართებაში პოზიციები გაიმყარა ევროპას აღარ მოუნდება ამ პროცესებს ჩამორჩეს და ისე გამოჩნდეს, რომ მსოფლიო პრობლემას შეერთებული შტატები აგვარებს. დასავლეთ ევროპა ძირითადად უკმაყოფილოა იმით, რომ აშშ რიგ შემთხვევაში დამოუკიდებლად მოქმედებს მსოფლიო პრობლემატიკის გადასაწყვეტად. ერაყი ამის კარგი მაგალითია, რადგან ვაშინგტონმა დამოუკიდებლად იმოქმედა და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა იძულებული გახადა პროცესებში ჩართულიყო", - აღნიშნა სესიაშვილმა.