ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ჯაშუშების დემონსტრირებულად დაკავების შემდეგ აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობაში კითხვები ჩნდება.
"ის რაც მოხდა, სერიოზული გამოწვევაა, რადგანაც საერთაშორისო საზოგადოებაში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რუსეთი და აშშ მუშაობის კონსტრუქციულ ფორმატში გადავიდნენ. თუმცა შეუძლებელია ამ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციის მქონე ქვეყნების კონსტრუქციულ ფორმატში თანამშრომლობა, რადგან ვაშინგტონი და მოსკოვი მსოფლიო პოლიტიკისადმი სტრატეგიულ მიდგომას ვერ შეიცვლიან. ამის გამოვლინებაა ისიც, რომ რუსეთმა გამოიყენა ჯაშუშები იმისთვის, რომ ობამას ადმინისტრაციის პოზიციების შესახებ წინასწარ ჰქონოდა ინფორმაცია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ირალი სესიაშვილმა.
მისივე შეფასებით, ამერიკის მხრიდან რუსეთის ჯაშუშების დაკავების დემონსტრირება ერთგვარი მინიშნებაა, რადგან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ხშირად ყოფილა შემთხვევი, როდესაც ჯაშუშები დაუკავებია და ამ ფაქტების გახმაურება არ მომხდარა.
"აშშ-ს მხრიდან ღიად გაცხადება, რომ რუსეთის ჯაშუშები დააკავეს ნიშნავს, რომ მათ შორის არის კვლავ მტრული დამოკიდებულება, უნდობლობა და ეჭვი ერთმანეთის საქმიანობაში. თავდაპირველად, ეს ინფორმაცია დაუჯერებელიც კი იყო, რადგანაც პროცესები იქით მიდიოდა, რომ ამერიკამ და რუსეთმა გარკვეულწილად, შეძლეს პირველი ნაბიჯის გადადგომა, რაც არის ერთმანეთს შორის ნდობის გამყარებაა და სურვილი და მზადყოფნა იმისთვის, რომ ერთად იმუშაონ მსოფლიო პრობლემატიკაზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველასთვის, მათ შორის _ ჩვენთვისაც. ამ ფაქტის შემდეგ კი ჩნდება კითხვები _ ხომ არ არის რეალურად ის სიტუაცია, რომ ოფიციალური მოსკოვი და ვაშინგტონი ვერაფერზე ვერ თანხმდებიან და ის, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტს ჩვენ ხშირად ერთად ვხედავთ მხოლოდ პიარი და ბლეფია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სესიაშვილმა.
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, აშშ-სა და რუსეთს შორის მართლა კარგი ურთიერთობა, რომ იყოს შეძლებდნენ ჯაშუშების ფარულად გადაცემის საკითხის მოგვარებას. ამ კრიზისიდან გამოსავალი, კი ახლა ორი ქვეყნის ლიდერის განცხადებებზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 10 პირი დააკავა.