ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, "ბებერი ევროპისგან" საქართველო მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერას მიიღებს.
"რუმინეთი და პოლონეთი გასაგებია, ეს ქვეყნები უფრო "ახალი ევროპაა" და ამიტომ მათი პარლამენტების მიერ საქართველოს მხარდასაჭერად ოფიციალური რეზოლუციების მიეღება გასაგებია, მსგავსი რეზოლუცია შესაძლოა ჩეხეთმაც მიიღოს, მაგრამ ევროკავშირის დამფუძნებელი "მამების" - საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის მხრიდან პარლამენტების დონეზე მსგავსი დოკუმენტების მიღებას არ უნდა ველოდოთ, რადგან მათ ინტერესში ჩვენს გამო ასეთი სახის აქტიურობა არ შედის", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სოსო ცინცაძემ.
მისივე შეფასებით, "ბებერი ევროპა" სიტყვიერად ყოველთვის დააფიქსირებს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, თუმცა მათგან მეტს არაფერს არ უნდა ველოდოთ.
მიმდინარე წლის 28 ივნისს რუმინეთის სენატმა ერთხმად მიიღო "რეზოლუცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ", რომლის თანახმადაც რუმინეთის სენატი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას კვლავ ადასტურებს, ცალსახად ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად, გმობს რიგი ქვეყნების მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტს. ამ კონტექსტში რუმინეთის სენატი აღნიშნავს 2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას.
მიღებული რეზოლუციის თანახმად რუმინეთის სენატი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სტრატეგიას და გმობს იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია ორ სეპარატისტულ რეგიონში ეთნიკური შემადგენლობის შეცვლაზე და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისაგან მოითხოვს დაემორჩილონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, რათა უზრუნველყოფილ იქნას დევნილი მოქალაქეების თავისუფალი დაბრუნება.
ამასთან, რუმინეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს რუმინეთის მთავრობას, მოახდინოს მრავალმხრივი, ორმხრივი, რეგიონული თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის მომზადების მიზნით, უზრუნველყოს რუმინეთის წარმომადგენლობის მონაწილეობის გაგრძელება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM), საქართველოს განვითარების მიზნით გააგრძელოს დახმარების გაწევა და განავითაროს საქართველოსთან თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში.