ჩვენ გვყავს ერთ-ერთი საუკეთესო და უძლიერესი სერჟანტთა კორპუსი, - ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, არც მეტი, არც ნაკლები საქართველო 90-იან წლებში იყო იგივე ავღანეთი. იყო დრო, როდესაც იყო ბანდიტური დაჯგუფებები, შეიარაღაბული პირები, გატაცებები, გამოძალვა და ა.შ. მაგრამ დღეს საქართველოში აბსოლუტურად სხვა რეალობა გვაქვს და ამ რეალობის ჩამოყალიბებში მნიშვნელოვანი როლი, რა თქმა უნდა, ითამაშა შეიარაღებულმა ძალებმა.
მისივე განცხადებით, შეიარაღებული ძალების განვითარებას ჰქონდა რამდენიმე ფაზა. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ის იყო, როდესაც 2000 წლის დასაწყისში ამერიკული მხარის უშუალო დახმარებით დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრამა და შეიარაღებული ძალების თვისობრივი გადამზადება.
“განსაკუთრებული მხარდაჭერა იქნა აღმოჩენილი ამერიკელების, ბრიტანელების, ფრანგების, თურქების, იტალიელების, ბალტიის ქვეყნების, რომლებმაც ხელი შეუწყეს საქართველოს განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში, რადგან შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი და საბაზისო საფუძველი ეს არის ეფექტიანი განათლების სისტემის ჩამოყალიბება. ამ კუთხით ჩვენ შეგვიძლია სიამაყოთ ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულება - აკადემია, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესოდ. ასევე მნიშვნელოვანი იყო სერჟანტთა ინსტიტუტის განვითარება. ჩვენ ვართ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე. სამართალმემკვიდრე არა მარტო ინფრასტრუქტურული, ან ტექნიკური საშუალებების, ასევე გარკვეულწილად მენტალიტეტის და ძალიან რთული იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ისეთი სერჟანტთა ინსტიტუტის დაფუძნება, რომელიც თვისობრივად განსხვავდებოდა საბჭოური მოდელისგან, მაგრამ დღეს ასევე შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით, გვყავს ერთ-ერთი საუკეთესო და უძლიერესი სერჟანტთა კორპუსი. ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუხლმოუდრეკელად ასრულებენ თავის მოვალეობას და არაერთგზის უსახელებიათ საქართველო საერთაშორისო მისიებსა და ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში“, - განაცხადა ჩაჩიბაიამ.
მან აქვე აღნიშნა, რეფორმების გატარება იყო საპასუხისმგებლო და გარკვეულ გამოწვევებთან დაკავშირებული, მაგრამ ამ პროცესში საქართველომ 2008 წლის ომის გამოცდილებით იხელმძღვანელა.