სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ყველა მსურველს ანუ _ სერგეი ბაღაფშს, რაულ ხაჯიმბას, ვიტალი ბგანბას, ბესლაბ ბუთბას და ზაურ არძინბას აფხაზური ენის ცოდნაში შეამოწმებენ. ე.წ. კანდიდატების შემოწმებას აფხაზურ ე.წ. ცესკოში შექმნილი სპეციალური ლინგვისტური კომისია განახორციელებს. ეს განცხადება დღეს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ცესკოს თავმჯდომარემ ბათალ ტაბაღუამ გააკეთა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად აღნიშნული ტესტირების შედეგი სავალდებულო დოკუმენტია, რომელიც ე.წ. პრეზიდენტის კანდიდატებმა აფხაზურ ე.წ. ცესკოში უნდა წარადგინონ. ამასთან ერთად, აღნიშნული ტესტირების არ გავლისა და ამ დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაზე შესაძლოა უარიც ეთქვას.
შეგახსნებთ, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 12 დეკემბერს გაიმართება. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ანალიტიკოსები აფხაზეთის ე.წ. მოქმედი პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის შანსებს საპრეზიდენტო არჩევნებში მაღალ შეფასებას აძლებენ და მიიჩნევენ, რომ მისი ძირითადი კონკურენტი ყოფილი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იქნება.
აღსანიშნავია, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ცესკოში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებად უკვე წარდგენილნი არიან: აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ვიტალი ბგანბა, ყოფილი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერი ბესლან ბუთბა და ე.წ. სახელმწიფო კომპანიას "აფხაზეთის საზღვაო სანაოსნოს" ხელმძღვანელი ზაურ არძინბა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 35 ოლქში ანუ 186 საარჩევნო უბანში გაიმართება. კიდევ ორი საარჩევნო უბანი შექმნილია მოსკოვსა და ჩერკეზკში.