ნაძალადევის რაიონში, ზედამზისა და კაჭრეთის ქუჩებზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, კაჭრეთის ქუჩაზე, 380 მ სიგრძეზე, 300 და 400 მმ-იანი სანიაღვრე მილები მონტაჟდება. რაც შეეხება ზედამზის ქუჩას, აქ სამუშაოები 467 მ სიგრძეზე შესრულდება. სისტემის მოწყობის დასრულების შემდეგ, ორივე ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.
„ამ ქუჩებზე გზის კაპიტალური შეკეთება შეუძლებელი იყო სანიაღვრე ქსელის მოწყობის გარეშე. პროექტის პირველი ეტაპი რამდენიმე დღეში დასრულდება. შემდეგ უკვე პროცესში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩაერთვება და როგორც კაჭრეთის, ისე ზედამზის ქუჩაზე წყალსადენისა და კანალიზაციის დაზიანებული მილები გამოიცვლება. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ, გამგეობა გზის კაპიტალურ შეკეთებას უზრუნველყოფს“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ზედამზისა და კაჭრეთის ქუჩებზე ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამ დრომდე არასდროს განხორციელებულა.