უცხოური მედია რუსული "გაზპრომისა" და ბელორუსს შორის არსებულ სიტუაციას აქტიურად აშუქებს. უცხოური მედია რუსეთსა და ბელორუსს შორის არსებული დავის ერთ ერთ მიზეზად ასახელებს ბელორუსის უარს აღიაროს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
გაზეთი " The Christian Science Monitor "-ი წერს, რომ რუსეთისა და ბელორუსის გაზის დავას პოლიტიკური დაღი აზის. ექსპერტთა აზრით, ეს დავა ნაკლებად დააზარალებს ევროპელ მომხმარებლებს, რადგანაც ბელორუსის გაზსატრანსპორტო სისტემის გავლით რუსული ექსპორტის მხოლოდ 20 % გადის, ზაფხულობით კი უფრო ცოტა.
"გაზის ონკანის გადაკეტვა კი ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავინდებურად მზადაა გამოიყენოს ენერგომატარებლები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საკითხებისათვის. ამბობენ იმასაც, რომ მოსკოვმა ლუკაშენკოსთან მიმართებაში, რომელსაც მხოლოდ სიტყვებით უჭირავს პრორუსული პოზიცია მოთმინება დაკარგა. საქმით ლუკაშენკოს დამოუკიდებელ კურსს ატარებს და სულ უფრო და უფრო ეწინააღმდეგება მოსკოვის სურვილებს", _ წერს გამოცემა.
მათივე სტატიის მიხედვით, "გაზის მიწოდების შეწყვეტა პირველ რიგში განპირობებულია ლუკაშენკოს უარით პუტინთან საბაჟო კავშირის შეთანხმების გაფორმებაზე", _ აცხადებს ბელორუსი პოლიტოლოგი იაროსლავ რომანჩუკი.
რუსი ექსპერტი _ ალექსანდრე მაკარკინი კი ამბობს, კრემლში არც ლუკაშენკოს დასავლათთან ურთიერთობისდ დათბობის სურვილი მოსდით თვალში და რა თქმა უნდა მათთვის მოუღებელია ბელორუსის პრეზიდენტის პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების გამო.
"ბელორუსთან დავას ღრმა პოლიტიკური სარჩული აქვს. მოსკოვი უკმაყოფილოა ბელორუსის მიერ დასავლეთთან კეკლუცობით და იმით, რომ იგი უარს აცხადებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე", _ აცხადებს მაკარკინი.
ბრიტანული გაზეთი " The Guardian "-ი კი წერს, რომ "რუსეთსა და ბელორუსს შორის არსებული დაპირისპირება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ რუსეთი მზადაა გაზის ონკანები გადაკეტოს როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური მოსაზრებებით".
"რუსეთისა და ბელორუსის ურთიერთობები მას შემდეგაც დაიძაბა რაც მინსკმა ყირგიზეთის დამხობილი პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევი მიიღო. წარმოიქმნა უთანხმოებები რუსეთისა და ბელორუსის საბაჟო კავშირის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში ივლისის დასაწყისში უნდა შესულიყო. "გაზპრომი" პოლიტიკის მძევალია, ის აკეთებს იმას რასაც უბრძანებენ", _ წერს " The Guardian "-ი.
" Frankfurter Rundschau " კი იუწყება, რომ სრულ გაურკვევლობაში მყოფი საერთაშორისო საზოგადოება უყურებს ამ "უცნაურ წყვილს" _ რუსეთსა და ბელორუსს. "მინსკი და მოსკოვი გამუდმებით საუბრობენ იმაზე, რომ ხელიხელჩაკიდებულნი აპირებენ ერთად სიარულს და პარტნიორობას. უკვე მთელს მსოფლიოს ამცნეს, რომ 1 ივლისიდან საბაჟო კავშირი უნდა შექმნან და ამ თარიღამდე ერთი კვირით ადრე მოსკოვი მინსკს გაზს უკეტავს", _ წერს " Frankfurter Rundschau ".