„თუ სახელმწიფო ხუდონჰესს უბრალოდ ააშენებს და შემდეგ გაყიდის, უფრო სარფიანად გაიყიდება. ანუ პირდაპირ ინვესტორის აშენებისგან განსხვავებით, ბიუჯეტში მეტი ფული შევა, - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას ეკონომისტმა ვახტანგ ლომჯარიამ. კიდევ ერთი ვარიანტი, რომელზეც ლომჯარია საუბრობს, ის არის რომ - სახელმწიფომ ააშენოს და ნაწილი დაიტოვოს საკუთრებაში.
"თუ ააშენებს და ნაწილს დაიტოვებს საკუთრებაში, ბიუჯეტისთვის ძალიან დიდი გარანტირებული შემოსავალი იქნება კომპანიის მოგებიდან. როგორც მე ვიცი, პირველი ვარიანტი უფრო განიხილება, მაგრამ გამორიცხული არც მეორეა“, - ამბობს ლომჯარია.
მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, რომ თავად იყოს მსგავსი მეგა პროექტის განმახორციელებელი და ამგვარად, ბიუჯეტისთვის სტაბილური შემოსავლის წყარო შექმნას.
„როგორც დავით მირცხულავა ამბობდა, ხუდონჰესი ბიუჯეტში 20 წელიწადში 410 მილიონი დოლარის მოგების გადასახადს შეიტანს. ეს იმას ნიშნავს, რომ 20 წელში 2 მილიარდი იქნება ჯამური მოგება. წელიწადში 102.5 მილიონი, თვეში 8,5-ია. ძალიან დიდ გარანტირებულ ფულზეა საუბარი“- განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში.
ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა სახელმწიფო შეთანხმდეს ინვესტორ კომპანიასთან და პროექტის განხორციელება სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე.