2010 წლის სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ამირანი" დასრულდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრისა და კინოს სახლმწიფო უივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.
მათი განცხადებით, წლევანდელი "ამირანი" თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ეროვნული კინოცენტრის, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ხელოვნებისა და კულტურის პროგრამის დაფინანსებით და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით წარმატებით ჩაატარა.
საკონკურსო პროგრამაში იყო 14 ქვეყნის კინოსკოლის 60-მდე ნამუშევარი, რომელიდანაც ფესტივალის საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ხმოვანი რიგი - მაგნუს ვონ ჰორნის "ექო" პოლონეთი, საუკეთესო ვიზუალური რიგი - ქრეიგ კამერონ-მაკინტოშის "შორს ჩემგან" სამხრეთ აფრიკა, საუკეთესო ფილმი - ლინა ლუზითეს "დიდებული იქნებოდა, თუმცა..." ლიტვა, საუკეთესო რეჟისურა - ნიკოლას შტაინერი "ეს მე ვარ, - ჰელმუტი" გერმანია. ხოლო რაც შეეხება ჟიურის სპეციალურ პრიზს, იგი წელს ორ ფილმს გადაეცა: ხუანინა მარკეს რიბეიროს "წუთები,საათები" კუბა და სიმეონ სოკეროვი "ხუთჯერ" ბულგარეთი.
წელს ჟიურიმ ცალკე გასცა აღნიშვნის სიგელი, რომელიც წილად ხვდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ზურა დემეტრეშვილს ფილმისთვის "ოცნება ლასკალაზე".
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სტუდენტების შეხვედრები ჟიურის წევრებთან. საფრანგეთიდან, სპეციალურად "ამირანის" მოწვევით ჩამოსულმა რეჟისორმა მიხეილ კობახიძემ ჩაატარა მასტერკლასი კინოწარმოებაზე, მოეწყო "სილექთის" პრეზენტაცია, რომელსაც სოფიის დრამის და კინოს უნივერსიტეტის რექტორი, მსოფლიო კინოსკოლების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი სტანისლავ სემერჯიევი უძღვებოდა, შეხვედრა შედგა სტამბულის მარმარას უნივერსიტეტის კინოტელეფაკულტეტის წარმომადგენელთან ოზგურ სეიბენთან.
ფესტივალს ჰყავდა საპატიო სტუმარი იერუსალიმიდან, სემ სპიგელის კინოსა და ტელევიზიის სკოლის დირექტორი რენენ შორი, რომელმაც თავისი კინოსკოლის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პრეზენტაცია და საუკეთესო სადიპლომო ფილმების არასაკონკურსო ჩვენება გამართა. ბატონი რენენის ვიზიტი შედგა საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით.
ფესტივალის საკონკურსო ჩვენება 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დახურულ კინოკლუბში, რომლის კარიც ღია იყო ყველა კინომოყვარულისთვის, ვისაც აინტერესებდა სტუდენტურ კინოში მიმდინარე პროცესები და მათი ეკრანზე ნახვა. ამიტომაც, ჩვენებებზე საკმაოდ ბევრი სტუდენტი იყო სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და მათი ამგვარი აქტივობა და ჩართულობა, ფესტივალის კიდევ ერთი წარმატებაა.
ფესტივალმა წელს უცხოელ სტუდენტებსაც უმასპინძლა. სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და პოლონეთის კინოსკოლის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ საფესტივალო პროგრამაში. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გაეცნოთ თანატოლი კინოხელოვანები სხვა ქვეყნებიდან და განევითარებინათ კავშირები, რაც მათ სამომავლო საერთო პროექტებზეც დადებით გავლენას იქონიებს.
ფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებებიც მოეწყო სომხეთისა და აზერბაიჯანის სტუდენტების მიერ, ასევე ნაჩვენები იყო თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ელისო ერისთავის სამაგისტრო ჯგუფის ესპერიმენტული ფილმები.
უნივერსიტეტის სპეციფიკიდან გამომდონარე, ფესტივალის გახსნაზე და დახურვაზე წარმოდგენილი და გამოყენებული იყო სხვა და სხვა სპეციალობების სტუდენტთა შემოქმედებაც - ფოლკოლორის დეპარტამენტის სტუდენტთა არნახული ცეკვა და სიმღერა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგმარმა ჯგუფ „ფიცვერცხმა" შეცვალა სცენაზე.
ფესტივალზე მოეწყო ძველი ქართული ფილმების აფიშების გამოფენაც, რისთვისაც მადლობას ვუხდით კინო სტუდია „ქართულ ფილმს"
ფესტივალის პარტნიორები იყვნენ "ისი პარი", "ნაბეღლავი" და "ყავა პელე", რომლებმაც თავისი სიმპათია გამოავლინეს და დააჯილდოვეს. ფესტივალის სტუმრებს კი 4 დღის განმავლობაში "კალა ჯგუფი" მასპინძობდა. ფესტივალს საინფორმაციო უზრუნველყოფა გაუწიეს საინფორმაციო საგენტოებმა "ჯი-ეიჩ-ენი" და "ინტერპრესნიუსი" , გაზეთებმა "24 საათი" და "რეზონანსი", ასევე "პალიტრა მედიამ".