პურის მწარმოებლები პურის 5 თეთრით გაძვირებით იმუქრებიან. თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში პირობას დებენ, რომ პური არ გაძვირდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, სოფლის მერნეობის სამინისტროში ფქვილის მწარმოებლები შეიკრიბეს და კვეზერელის უწყებამ მიიღო დაპირება, რომ ხორბლის იმპორტირები და ფქვილის მწარმოებლები პროდუქციის ფასს არ გაზრდიდნენ და, შესაბამისად, არც პური გაძვირდება.
საპირისპიროს აცხადებს კერძო სექტორი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარკვეული დაჯგუფებების ლობორებაში ადანაშაულებს. როგორც პურის მწარმოებლები აცხადებენ, ფქვილის მწარმოებლებმა 7 ივნისის შემდგომ ფქვილის ფასი 5 ლარით გააძვირეს, რამაც მეპურეებს მარჟა მაქსიმალურად შეუმცირა.
ერთ-ერთი პურის საცხობის დირექტორი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აცხადებს, რომ კომპანიები თვის დასასრულს ელოდებიან, როდესაც საკუთარი ფინანსებისა და მოგებას კალკულაციას გააკეთებენ და ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას გაძვირდეს თუ არა პური.
შეგახსენებთ, რომ 7-8 ივნისის შემდეგ ფქვილის მწარმოებლებმა ფქვილის ფასი 30 ლარიდან 35 ლარამდე გაზარდეს, დღეს კი ერთი ტომარა ფქვილის საბითუმო ღირებულება 32 ლარია.
პურის მწარმოებლები ამბობენ, რომ ლარის გაუფასურების შემდეგ კარგად გამოჩნდა, თუ ვინ არის მონოპოლისტი ფქვილისა და ხორბლის ბაზარზე, შექმნილმა ვითარებამ კი მონოპოლისტს ფქვილის გაძვირების დიდი საშუალება მისცა, რაშიც სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევა ნაკლებად შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, ფქვილის იმპორტი აიკრძალა. აკრძალვის მიზეზად იმპორტირებული ფქვილის უხარისხობა დასახელდა. მინისტრის გადაწყვეტილებით კი _ ადგილობრივმა ფქვილის მწარმოებლებმა ქვეყნის მასშტაბით მთლიანი ბაზრი აითვისეს და ბაზრის მონოპოლისტებადაც ჩამოყალიბდნენ.