"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კარვების გაშლასაც გეგმავდნენ, თუმცა საპატრულო პოლიცია მათ კარვების გაშლის უფლებას არ აძლევს. მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა, რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა, მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები.
დაზარალებულები სახელმწიფოსგან დახმარებასა და მიყენებული ზიანის კომპენსაციას მოითხოვენ.აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხანძარმა მთელი მათი ქონება გაანადგურა. მათი თქმით, არც თბილისის მერი, არც პრეზიდენტი და არც პრემიერი მოთხოვნის მიუხედავად არ ხვდებიან.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. 21 თებერვალს კი მათ დამწვარ "ბავშვთა სამყაროსთან" შიმშილობის აქცია დაიწყეს.