ესტონეთის პოლიციის განცხადებით, ტალინში თავდაცვის სფეროში მომუშავე კომპანია Milrem Robotics-ის შენობისთვის ცეცხლის წაკიდება რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით განხორციელებული დივერსია იყო. ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.
ინციდენტი ტალინის ლასნამიაეს რაიონში 15 აგვისტოს ღამით მოხდა. ესტონეთის ხელისუფლების შეფასებით, შემთხვევა რუსეთის მიერ ევროპაში განხორციელებული უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რომლის მიზნადაც მოკავშირეების დაშინება და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება სახელდება.
„დღეს სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 15 აგვისტოს ღამით ესტონეთში Milrem Robotics-ის შენობისთვის ცეცხლის წაკიდება რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მიერ დაკვეთილი დივერსიული აქტი იყო“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა.
ინციდენტის ზუსტი გარემოებების დასადგენად სისხლის სამართლის გამოძიება გრძელდება. მედიის ცნობით, გამოძიების საწყისი მონაცემებიც მიუთითებდა, რომ დანაშაული შეკვეთით იყო ჩადენილი.
ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი პირები დაკავებული არიან და პატიმრობაში იმყოფებიან. ესტონეთის ხელისუფლების განცხადებით, ისინი საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ.