8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „100 წლის შემდეგ".
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარაში მცხოვრები 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული ქალბატონების ფოტოპორტრეტები.
ფოტოგამოფენას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, ბათუმში აკრედიტებული საკონსულოების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
აჭარაში 100 წელს გადაცილებული 26 ქალბატონი ცხოვრობს, 8 მათგანს 100 წელი მიმდინარე წლის განმავლობაში შეუსრულდება.
ფოტოგამოფენას ესწრებოდნენ უხუცესი ქალბატონების ოჯახის წევრები.
„პირველ რიგში მინდა ჩვენს ქალბატონებს, ჩვენს მანდილოსნებს მივულოცო 8 მარტი და ვუსურვო ჯანმრთელობა, სიხარული, წარმატებები, მშვიდობა და კეთილდღეობა თავიანთ ოჯახებთან ერთად. აჭარის ატონომიურ რესპუბლიკაში 26 ხანდაზმული მოქალაქე გვყავს, რომელთა ასაკი აღემატება 100 წელს და 2017 წელს 8 ქალბატონს უსრულდება 100 წელი. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიზრუნოთ მათი და მათი ოჯახების მომავალზე, კეთილდღეობაზე, სოციალური მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე. მიხარია, რომ ვნახე იმ ქალბატონების ფოტოები, რომელთა ოჯახებშიც ვიმყოფებოდი. დღეს მაქვს საშუალება მივულოცო მათ და ვუსურვო მშვიდობა და ჯანმრთელობა."
ღონისძიება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და დემოკრატიის ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. სამინისტრო 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ყოვლწლიურად 1000-1000 ლარს გადასცემს. 100 წელს გადაცილებული ქალბატონები, დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტში „ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია აჭარაში" ჩაერთვებიან.