ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, ამ ეტაპზე პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანებისთვის კონკრეტული მიზანი არ არსებობს.
"არა მგონია, რომ ახლა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიზანი იყოს ვინმესთან დაწყვილება. ამისთვის კონკრეტული მიზანი არ არსებობს. თუმცა, როგორც კი პოლიტიკური ერთობის აუცილებლობა გამოჩნდება სხვადასხვა ტიპის გაერთიანებების შექმნის მოწმეები გავხდებით. ამიტომ დაველოდოთ რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი პოლიტიკურ მოვლენას, რომელიც პოლიტიკურ ძალებს გარკვეული ერთობის ჩამოყალიბებას უბიძგებს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.
ექსპერტის შეფასებით, შესაძლებელია ისეთი საკითხების გადაჭრის აუცილებლობა დადგეს, რომ ახალ ალიანსებში დღემდე წარმოუდგენელი პარტიების გაერთიანებაც მოხდეს.
"პოლიტიკური მოვლენების გააქტიურების შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა გაერთიანება ჩამოყალიბდეს დაწყებული კონსტიტუციური პროცესის ამა თუ იმ მოდელის მხარდაჭერით და დამთავრებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების, ან თუნდაც რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების მოთხოვნით", - განაცხადა ცისკარიშვილმა.