საქართველომ ლუკაშენკოს მადლობა უნდა უთხრას იმის გამო, რომ მან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა. ეს განცხადება დღეს ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისა რუსმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ მატვეი განაპოლსკიმ გააკეთა, რომელიც დღეს თბილისში სააგენტო "რია ნოვოსტის" საერთაშორისო პრესცენტრში გაიმართა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბრისას მატვეი განაპოლსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯის არასამართლიანობას დღეს ყველა კარგად ხედავს.
"ყველა კარგად ხედავს რუსეთის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯის არასამართლიანობას, სიცუდეს, არასწორობას. მას (რუსეთს) ეგონა მრავალი მიბაძავდა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა, მაგრამ არავინაც არ მიბაძა, ხოლო ვინც მიბაძა ისინი ვინ არიან ყველამ კარგად იცით", _ განაცხადა განაპოლსკიმ და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთს არც ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიბაძა.
"რუსეთს არ მიბაძა "ბატკა ლუაშენკომაც" კი რაზეც მას დიდი მადლობა უნდა უთხრათ ქართველებმა. მასზე იყო ზეწოლა, ხან კრედიტებზე ელაპარაკებოდა რუსეთი, ხან რაზე და ხან რაზე, მაგრამ ვერ დაითანხმა", _ განაცხადა განაპოლსკიმ და დასძინა, რომ საქართველოს წინსვლა რა თქმა უნდა, არ ახარებს მის მტრებს და აშფოთებს რუსეთს.
შეგახსენებთ, რომ პრესკონფერენციის სახელწოდება იყო "ორი წელი ომის შემდეგ" და მასზე განაპოლსკიმ საქართველო-რუსეთის ომის ორი წლის შემდეგ მისი თვალით დანახულ საქართველოზე ისაუბრა, ქართველი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და თავისი შემოქმედებითი გეგმები გააცნო.