საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუმართაობის გამო, დავით სერგეენკო „ჯოხის გადატეხვას“ სამედიცინო პერსონალზე აპირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობის ახალი დადგენილებით, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია სასამართლოს დასრულებამდე სადაო თანხები კლინიკებს წინასწარ, შემდეგი თვეების ანაზღაურებიდან დაუქვითოს.
”ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია ნებისმიერი კლინიკის მიმართ წამოიწყოს ხელოვნური დავა, მხოლოდ იმიტომ ამ კლინიკას პაციენტებისთვის გაწეული მკურნალობის საფასურის ჩარიცხვა გაუჭიანუროს და ამით საბიუჯეტო სახსრები დაზოგოს. მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომით კლინიკების ფუნქციონირებას ხელი შეეშლება და შეიზღუდება სამედიცინო დაწესებულებების მუშაობა, მითუმეტს, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ ათეულობით მილიონი ლარის დავალიანება აქვს გასასტუმრებელი. ჯანდაცვის მინისტრის კლინიკებისადმი ახალი მიდგომა მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადასახადების ზრდაში აისახება. სწორედ ამგვარი მიდგომების შედეგია, რომ საქართველოში ღარიბებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაუუარესდათ”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.