თბილისის საქალაქო სასამართლომ საერთაშორისო ნარკოკარტელის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულების გრიშა კომახიძის და ლევან ღვინიაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ ლევან ღვინიაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც თავდებით განთავისუფლების სანაცვლოდ 15 ათასი ლარის გადახდას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ ღვინიაშვილი ბრალდებულია თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში, გამოძალვასა და ნარკოტიკების გასაღებაში, კომახიძე კი გამოძალვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. თუმცა დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, კომახიძემ და ღვინიაშვილმა 2010 წლის 13 იანვარს გაიტაცეს საქართველოში კოკაინის ტრაფიკის (საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვის) ხელმძღვანელი ნუგზარ ბოჭორიშვილი და მისი დაჯგუფების აქტიური წევრი გიორგი ჩეჩელაშვილი. გრიშა კომახიძემ და ლევან ღვინიაშვილმა დანამდვილებით იცოდნენ რა, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი დაკავებული იყო ნარკოტიკული საშუალების სატრანზიტო ოპერაციებით, აღნიშნულ საქმიანობაში მფარველობის სანაცვლოდ მოსთხოვეს 250 000 ევროს გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. მათვე ნუგზარ ბოჭორიშვილის დაშინების მიზნით გადაწვეს კოჯორში არსებული მისი სახლი.
გრიშა კომახიძისა და ლევან ღვინიაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.