აფხაზი სეპარატისტები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდით უკმაყოფილონი არიან. აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ჩირიკბა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ "მოლაპარაკებებზე კვლავ ვერ მოხერხდა საქართველოს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება".
"მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობდა, როგორც პირველ ისე მეორე ჯგუფშიც. პირველ ჯგუფში განიხილებოდა უსაფრთხოებისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავების საკითხები, თუმცა ქართული მხარე ყველანაირად ცდილობდა თავი აერიდებინა ამ საკითხის განხილვისათვის და მას ამ საქმეში მხარს აშშ-ს დელეგაცია და ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებიც უჭერდნენ", _ განაცხადა ჩირიკბამ და დასძინა, რომ ამის გამო ოსურმა და აფხაზურმა დელეგაციებმა პროტესტიც კი გამოთქვეს, იმიტომ რომ სწორედ ამ ხელშეკრულების შემუშავება არის ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესში მათი "მონაწილეობის მთავარი მიზანი".
"ისინი რაღაც ნაკლებნიშვნელოვან ტექსტებს გვთავაზობენ, თან ისეთებს, რომლებსაც ამ პრობლემასთან არავითარი კავშირი არა აქვს", _ აცხადებს ჩირიკბა.
მანვე, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "სარკოზისა და მედვედევის" შეთანხმებაში არის შეტანილი პუნქტი ამგვარი, იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულების გამომუშავების შესახებ.
მისივე თქმით, "ძნელად მიდიოდა მოლაპარაკებები მეორე ჯგუფშიც რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავდა. იქ ასევე განიხილებოდა დევნილებისა და გადაადგილებული პირების საკითხები. საქართველომ ამ ჯგუფის მუშაობის დროს მიუღებელი ფორმულირებები ჩამოაყალიბა რის გამოც ამ ჯგუფის მუშაობა ჩაიშალა", _ აცხადებს ჩირიკბა.
ჩირიკბა ასევე აცხადებს, რომ სწორედ "ასეთ დავასა და კამათში ჩაიარა მთელმა დღემ".