საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ დაადგენს, რა თანხით უნდა აშენდეს ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობა და აღნიშნული თანხა ბიუჯეტიდან არის თუ არა საერთოდ გამოყოფილი. ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ პარლამენტის კაპიტალური ხარჯებისთვის დამატებით 7-8 მილიონია გამოყოფილი და ეს თანხა განკუთვნილია პარლამენტის ახალი შენობის ასაშენებლად, თუმცა, ცაგარეიშვილის თქმით, პარლამენტში ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ და პარლამენტის აპარატის უფროსი აცხადებს, რომ პარლამენტის ახალი შენობის ასაშენებლად პარლამენტისთვის არანაირი თანხა არ არის გამოყოფილი.
ცაგარეიშვილის განცხადებით, სწორედ ასეთი განმარტება გაკეთდა მაშინ, როცა პარლამენტის ქუთაისში აშენების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ცაგარეიშვილს აინტრესებს, ფინანსთა მინისტრის აღნიშნული განცხადება რას უკავშირდება.
"გამოდის, რომ ფინანსთა სამინისტრომ გამოყო თანხა და ეს თანხა პარლამენტს არ მიუღია. პირობას გაძლევთ, რომ ამ საკითხს ბოლომდე მივყვებით", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.