ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, არსებობს საკითხები, რომლებზედაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ.
"პირველ რიგში, ეს შეეხება მიმოსვლას, ეკონომიკურ საკითხებს. იმ საკითხებს, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებში შედის, მაგალითად, ბუნებრივი აირის სარწყავ წყალზე გაცვლას. ვფიქრობ, ამ საკითხზე ჩვენი მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს, რადგან ამ შემთხვევაში საკითხს უნდა შევხედოთ, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორია და ჩვენ მივდივარ არა რაიმე პოლიტიკურ დათმობაზე, არამედ ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონს ბუნებრივ აირს ვაწვდით", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიაშიცაა ჩადებული, რაც ხელს შეუწყობს ოკუპირებული რეგინების ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან ინტეგრაციას.
"თუ ამას არ გავაკეთებთ, მოწინააღმდეგე აუცილებლად ალტერნატიული გზების ძიებას დაიწყებს და იმ ამოუვსებელ ხვრელებს შეავსებს, რომლებიც არსებობს. ამიტომ ეს ნიშები არ უნდა დავტოვოთ და მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. რაც შეეხება ქართული მხარის მოთხოვნას, რომ ახალგორში ბუნებრივი აირი რუსმა ჯარისკაცებმა არ უნდა გამოიყენონ, ჩვენი პოზიცია შეიძლება დასავლეთისთვისაც გასაგები იყოს, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით შეუძლებელია", - აღნიშნა სესიაშვილმა.
მისი შეფასებით, ქართულმა მხარემ აღნიშნულ საკითხებზე ბუნებრივი აირის საფასურის საკითხი უნდა დასვას და თუ ამ კუთხითაც პრობლემა იქნება, მაშინ გაცვლითი მექანიზმები უნდა შემუშავდეს, როგორიც არის სარწყავ წყალზე და საქართველო მოსახლეობის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა.