ე. წ. სამხრეთ ოსეთის ინფორმაციის, კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კაბისოვი აცხადებს, რომ რადიო "თავისუფლების" მაუწყებლობა ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოა.
"რადიო "თავისუფლების" მაუწყებლობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოა და ამიტომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ამ რადიოს მაუწყებლობას რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღკვეთს",_ აცხადებს კაბისოვი.
დღეიდან რადისადგურის ეთერში საინფორმაციო გადაცემა "ეხო კავკაზა" უნდა გასულიყო. კაბისოვი აცხადებს, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას რადიოსადგურის ხელმძღვანელობის მხრიდან არავითარი მიმართვა არ მიუღია, სადაც მოცემული იქნებოდა თხოვნა ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობის შესახებ.
"რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქციის მტკიცებები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც სახის სპეციფიკის გამო, მათ მაუწყებლობისთვის არავითარი ნებართვები არ სჭირდებათ _ იურიდიულად უსაფუძვლოა. არსებობს მედიამუშაობის ყველასთვის მისაღები წესები და თუკი რადიო "თავისუფლება" თავს ვალდებულად არ მიიჩნევს, მათ დაემორჩილოს, მაშინ ეს საინფორმაციო პროვოკაციად უნდა შეფასდეს", _ აცხადებს კაბისოვი და დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რადიოსადგურ "თავისუფლების" ხელმძღვანელობა მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არასანქცირებულად გავიდეს ეთერში, "ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ტექნიკური საშულებების გამოყენებით ამას ხელი შევუშალოთ".