პარლამენტის წევრი ჯონდი ბაღათურია ხელისუფლებას თხოვს, რომ მასწავლებლებისათვის რეპეტიტორობის უფლების ჩამორთმევამდე მათ სოციალურ უზრუნველყოფაზე იზრუნოს. ეს განცხადება ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარალმენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მისი პოლიტიკური ძალა მასწავლებელთათვის რეპეტიტორობის უფლების ჩამორთმევის წინააღმდეგი არ ყოფილა, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ უფლების ჩამორთმევამდე აუცილებელია ხელისუფლებამ მასავლებელთა სოციალურ უზრუნველყოფაზე იფიქროს.
"მასწავლებლისათვის რეპეტიტორობის უფლების ჩამორთმევას ჩვენ არ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ გვინდა განვაცხადოთ, რომ რეპეტიტორობა პედაგოგს აძლევს საშუალებას, რომ მძიმე სოციალურ ვითარებაში თავისი შრომით მიიღოს დამატებითი მატერიალური შემოსავლები და თუ ჩვენ ამ უფლებას პედაგოგის ოჯახს წავართმევთ სამართლიანობა მოითხოვს, რომ სახელმწიფომ იზრუნოს ამ შემოსავლების კომპენსირებაზე", _ აცახდებს ბაღათურია და ხელისუფლებას სთხოვს, რომ გაითვალისწინოს მის მიერ ინიცირებული საკითხი, რომელიც ეხება პედაგოგთა მინიმალური საბაზისო ხელფასის ცნებას.
ჯონდი ბაღათურიას ინიციატივით პედაგოგის ხელფასი უნდა შედგებოდეს მინიმალური საბაზისო 500 ლარისგან და ამას ემატებოდეს დანამატი დადგენილი წესით საათობრივი განაკვეთისა და ვაუჩერის მიხედვით, რაც ბაღათურიას გათვლით საერთო ჯამში პედაგოგის ხელფასს 700-900 ლარის ოდენობით განსაზღვრავს.
"პირველ რიგში, ჩვენ ეს უნდა განვახორციელოთ და მხოლოდ ამის შემდგომ ექნება სახელმწიფოს მორალური უფლება განიხილოს საკითხი აეკრძალოს თუ არა პედაგოგებს რეპეტიტორობის უფლება", _ აცახდებს ბაღათურია და დასძენს, რომ ამის პარალელურდ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სკოლებში განათლების ხარისხის ამაღლებაზე, რათა მოსწავლებმა რეპეტიტორის დახმარების გარეშე შეძლონ უმაღლეს სასწავლებლებში განათლების გაგრძელება.
"თავის მხრივ, მაღალკვალიფიციური განათლება სკოლებში თავისთავად გახდება საფუძველი იმისა, რომ გაუქმდეს რეპეტიტორის ინსტიტუტი ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე", _ აცახდებს ბაღათურია.