ევროკავშირი მზადაა "მშვიდობის ფლოტილიის" გემების გარშემო არსებული დაძაბულობის მოსახსნელად საზოგადოებას დარეგულირების პირობები შესთავაზოს. იმის მიუხედავად, რომ ისრაელი მომავალშიც არ აპირებს პალესტინის ანკლავასთან გემები დაუშვას, ევროკავშირი მზად არის თავის თავზე აიღოს გემების ტვირთების შემოწმება იმ შემთხვევაში, თუ თელ-ავივი პალესტინის ანკლავის ბლოკადას მოხსნის. პრობლემის გადაწყვეტის თავისი პირობა ირანმაც წამოაყენა და განაცხადა, რომ გემებს იარაღით დაიცავს.
"შეგვიძლია ღაზაში მიმავალი გემების ტვირთების მონიტორინგი ეფექტურად განვახორციელოთ. ჩვენ შეგვიძლია, გვსურს და მოხარული ვიქნებით ამ პროცესში მონაწილეობა მივიღოთ",_ განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა.
ისრაელი შიშობს, რომ ჰუმანიტარული ტვირთის ქვეშ ღაზაში იარაღსა და მიწისქვეშა გვირაბებისთვის სამშენებლო მასალებს შეიტანენ. სწორედ ამ მიზეზით ისრაელის ხელისუფლბა ანკლავის წყლებში "სამშვიდობო ფლოტილის გემების შეშვებაზე უარს ამბობს.
როგორც ამ Dდღეებში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, ფლოტილიის გემების პირველი ჯგუფის დაკავებისას, გემებზე მებრძოლები იმყოფებოდნენ. "გემზე "მავი მარმარი-ზე" იმყოფებოდნენ მუსულმანი მებრძოლები ლიბანიდან, სირიიდან, სუდანიდან და სხვა ქვეყნებიდან. სწორედ მათ მოაწყეს ეს სისხლისღვრა", _ აღნიშნა მინისტრმა.
თუმცა საერთაშორისო საზოგადოებას, რომელმაც ფაქტობრივად ისრაელი მეკობრეობაში და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში დაადანაშაულა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვა მოსაზრება გააჩნია.
მანამდე გაერო მოითხოვდა, რომ ვითარების გასარკვევად საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაზე თელ-ავივს თანხმობა განეცხადებინა.
თავდაპირველად, ისრაელის ხელისუფელბამ ეს შესაძლებლობა გამორიცხა, მით უფრო, რომ მათ მხარი აშშ-ის მთავრობამ დაუჭირა, რომელმაც განაცხადა, რომ ისრაელს უფლება აქვს მომხდარში დამოუკიდებლად გაერკვიოს.
"ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო კომისიას. ობამას ადმინისტრაციასთან განვიხილავთ გზას, რომლის მიხედვით ჩვენი გამოძიება წარიმართება", _ განაცხადა აშშ-ში ისრაელის ელჩმა მაიკლ ორენმა.
ამავე დროს ლიბერმანმა ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროსთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. "ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. თუ კომისიაში უცხოელი წარმომადგენელი იქნება, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით", _ აღნიშნა ლიბერმანმა.
"სამშვიდობო ფლოტილიის" გარშემო შექმნილ ვითარებაში მზად არის ჩაერთოს ირანიც, რომელმაც ბლოკადის გამრღვევი გემების შეიარაღებული თავდაცვის უზრუნველყოფისათვის მზადყოფნა გამოთქვა.
"ღაზას უდანაშაულო მცხოვრებლების დაცვა ირანის ვალია", _ განაცხადა ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის წარმომადგენელმა.