"წლების განმავლობაში იქმნება საარჩევნო მონსტრი და ოპოზიცია სწორედ მაშინ შეცდა, რომ ამ მონსტრს არჩევნებამდე არ გაუსწორდა", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ტელეკომპანია "კავკასიის" საინფორმაციო გამოშვების უფროსმა ნინო ჯანგირაშილმა თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისას განუცხადა.
"ვერ ვიტყვი, რომ არჩევნებმა მშვიდად და კარგად ჩაიარა. ძალიან დიდი ტოტალური მანქანა მუშაობდა, ყველა სტრუქტურა "კარგად" იყო ჩართული არჩევნების პროცესში, რამაც ნაციონალური მოძრაობის ასეთი მაღალი პროცენტით გამარჯვება უზრუნველყო. ის, რომ არჩევნებმა ცემა-ტყეპის გარეშე ჩაიარა, უზრუნველყო იმან, რომ რაც წინა არჩევნებზე დარღვევად ითვლებოდა, უკვე დაკანონდა კანონში შეტანით", - განაცხადა ჯანგირაშვილმა.
მისი ინფორმაციით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე იყო ე. წ. ქალების ბირჟები, რომლებიც ყველა მისულს აღრიცხავდნენ.
"დილიდან ორ უბანზე ვნახე "ქალების ბირჟები", სადაც 20-მდე ქალი იჯდა, მათ ტექსტებს მოვუსმინე, როცა რეკავდნენ და ეუბნებოდა, სად ხარ აქამდე, მერე სამსახურის დაწყებაზე პრეტენზია არ გქონდესო. ვანახე, ეგზიტპოლების ჩამტარებელი ქალები როგორ ლაპარაკობდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან, რომლებსაც მათთან მხარდამჭერები წყვილ-წყვილად მიჰყავდათ. ჩემი ჯგუფი მოხვდა მთაწმინდის მე-5 უბანზე, სადაც რიცხვებს შორის ბალანსი ვერ დასვეს, მაგრამ უბანი მაინც ჩათვალეს. გვაქვს კადრები, როგორ შეჰყვა მოქალაქეს კაბინაში პირი და ხუთიანი შემოახაზვინა. ეს ყველაფერი თუ არ არის დარღვევა და გაყალბება, მაშინ რა არის?!" - განაცხადა ჯანგირაშვილმა.
მისი შეფასებით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციას და მედიას იმის რესურსი არ აქვს, რომ ასეთი კარგად აწყობილი და დაგეგმილი გაყალბების სურათი დეტალურად გაშიფროს.
"კანონი ისე შეადგინეს, სარჩევნო სისტემა ისე ჩამოაყალიბეს და სამწუხაროდ საზოგადოება ისეთი მანკიერია, ძალიან ძნელია, რომ ამას თუნდაც ოპოზიციური ძალა შეეწინააღმდეგოს. ეს საარჩევნო მონსტრი წლებისა და თვეების განმავლობაში იქმნება და ზუსტად აქ ცდება ოპოზიცია, რომ ამ მონსტრს არჩევნებამდე არ უსწორდება. არჩევნების დროს უკვე ძალიან გვიანაა, რადგან ყველაფერი აწყობილი და დაგეგმილი აქვთ", - აცხადებს "კავკასიის" საინფორმაციო გამოშვების უფროსი.
ჯანგირაშვილის შეფასებით, ქართული მედიამ საარჩევნოდ ისე იმუშავა, რომ სიტყვა "დარღვევა" არ უხსენებიათ.
"სიტყვა "დარღვა" არც ერთ სახელისუფლებო არხზე არ გამიგია, თითქოს არაფერი მომხდარა. როცა არჩევნებამდე მედიამონიტორინგი იყო ჩართული და მთელი ევროპა და ამერიკა იყო ჩამოსული ქართულ მედიაზე დასაკვირვებლად, მაშინ შედარებით წესიერად იქცეოდნენ. არჩევნების დღეს კი რამე განსაკუთრებულ რეჟიმში არ უმუშავიათ, რაც არიან, ის იყვნენ", - განაცხადა ჯანგირშვილმა.