მედიაექსპერტ ია ანთაძის შეფასებით, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე უკვე იგრძნობოდა, რომ თვითმმართველობის არჩევნები მშვიდად ჩაივლიდა.
"საერთოდ თვითმმართველობის არჩევნები უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ვიდრე საპარლამენტო და საპრეზიდენტო. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში ასეთი ტრადიციაა. არჩევნების წინა პერიოდში უკვე ჩანდა, რომ ოპოზიციის ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა, ნაწილი ძალიან მშვიდი იყო, ნაწილი კი, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს რაღაც ეტაპზე აგრესიული იყო, ბოლო 10 დღის განმავლობაში საოცრად გაპასიურდა. ნათელი გახდა, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდს რაიმე სერიოზული გართულება არ მოჰყვებოდა. თუმცა მანამდე კეთდებოდა მინიშნებები, რომ შესაძლოა ვითარება დაძაბულიყო, მაგრამ როცა მიხილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა, ვითარება შეიცვალა და ცხადი გახდა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლიდა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ანთაძემ.
მედიაექსპერტის შეფასებით, როდესაც საქართველოს მასშტაბით ყველა საკრებულოს უმრავლესობა ერთი პარტია მოიგებს, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას რაღაც სჭირს და გარემოს არაადეკვატურად აღიქვამს.
თუმცა ანთაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ზეწოლაც მომხდარიყო, რომელსაც სეთი ფორმები ჰქონოდა, რომ კანონდარღვევაში არ ჩათვლილიყო და არც თვალშისაცემი ყოფილიყო.
"მიმაჩნია, რომ არ არის ნორმალური შედეგი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ ყველა საკრებულო მოიგოს. სხვათა შორის, 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროსაც ასე მოხდა, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია", - აღნიშნა ანთაძემ.
რაც შეეხება ქართული მედიის მუშაობას, არჩევნების დროს, ანთაძის შეფასებით, "ეროვნულ არხებზე" დარღვევებზე საუბარი მხოლოდ პრესკონფერენციებით შემოიფარგლნენ.
"თუ შევხედავდით ეროვნულ არხებს, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და მისი შედგები ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურმა ძალამ აღიარა. არ ყოფილა განსაკუთრებული ექსცესები და ცემა-ტყეპა, როგორც წინა არჩევნებში. თუმცა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდზე, თქვენ ნახავდით ყველა სახის დარღვევას - დაწყებული მოქალაქეების მოსყიდვიდან, როდესაც საარჩევნო უბნებზე ფულს პირდაპირ არიგებდნენ და დასრულებული ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლით", - აღნიშნა ანთაძემ.
მისი თქმით, არჩევნების გამოვლენილი დარღვევის გაშუქების კუთხით "ნეტგაზეთის", "ლიბერალის", სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის", "სამხრეთის კარიბჭისა" და "ახალი გაზეთის" ბლოგები კარგად მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს თვითმმართველობის და თბილისის მერის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ლიდერობს.