ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 8-13 ნოემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება თბილისის კამერული მუსიკის XI ფესტივალი.
ფესტივალი ვოკალური მუსიკის საღამოთი გაიხსნება, რომელზეც მსმენელის წინაშე მეგი ჩიხრაძე (სოპრანო) და თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო) წარდგებიან. მასში ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი ქართველი ხელოვანები: ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეები, ჯგუფი „The Quintessence”, ნიკოლოზ რაჭველი (ფორტეპიანო), ოთარ მაღრაძე (ფორტეპიანო), ნინო გულიაშვილი (ფორტეპიანო) და სხვა.
ფესტივალი 2006 წლიდან ტარდება. მასში აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა თაობისა და პროფილის ქართველი და უცხოელი შემსრულებლები – ინსტრუმენტალისტები და ვოკალისტები.
თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.