“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დამკვირვებლების მიერ სხვადასხვა სახის დარღვევებია იდენტიფიცირებული, რაზეც საჩივრები დაიწერა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 14:00 საათის მდგომარეობით დაფიქსირებულია შემდეგი დარღვევები: მუქარა და დამკვირვებელთა ხელის შეშლა/უფლებების შეზღუდვა, დამკვირვებელთა სამკერდე ნიშნების მონაცემების სიზუსტის პრობლემები, სხვა პროცედურული ხასიათის დარღვევები.
კერძოდ, გორის #44 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია ”ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“ დამკვირვებელმა ა.მ.-მ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია, საია-ს დამკვირვებელი წილისყრებთან დაკავშირებით დაწერილი საჩივრის გამო გააკრიტიკა და დაემუქრა ”ყოფილი კუდ-ის წარმომადგენელი ვარ და არაფერი შეგეშალოსო“.
თელავის #13 უბანზე საუბნო კომისიამ უბნიდან გამოაძევა საია-ს დამკვირვებელი. კომისიის განმარტებით, დამკვირვებელი ”ზედმეტად აქტიურობდა“, ხელს უშლიდა კომისიას უფლებამოსილების განხორციელებაში და მის საქმიანობაში ერეოდა.
მთაწმინდის #20 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის ”მომავლის არჩევანი“ დამკვირვებელს საუბნო საარჩევნო კომისიამ არ მისცა საჩივრების რეგისტრაციის პროცესის დაკვირვების უფლება და უბნიდან გააძევა. საია-ს წარმომადგენელმა დამკვირვებლის უფლების შეზღუდვაზე საჩივარი დაწერა.
”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, დაფიქსირდა ორი შემთხვევა, როდესაც დაკვირვებლის სამკერდე ნიშანზე არსებული მონაცემები არ დაემთხვა ცესკო-ს ბაზაში არსებულ მონაცემებს.
კერძოდ, ისნის #08.05.66 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების ”ქართველთა და სომეხთა დაცვის ასოციაციის,“ ”სოციალური და პოლიტიკური განვითარების ცენტრის,“ ”საერთაშორისო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და დახმარების საერთაშორისო კავშირი - ნდობა“ წარმომადგენლებმა უბანზე მყოფი პირების სამკერდე ნიშნები (მოწმობები) შეამოწმეს. დამკვირვებლების განცხადებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციის ”კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ინსტიტუტის“ დამკვირვებელი სავარაუდოდ გაყალბებული სამკერდე ნიშნით სარგებლობდა. კერძოდ, ამ დამკვირვებლის სამკერდე ნიშანზე მითითებული შტრიხკოდის იდენტიფიკაციით ირკვეოდა, რომ ამ სამკერდე ნიშნის შტრიხკოდი ეკუთვნოდა სხვა დამკვირვებლის სამკერდე ნიშანს. ამის შემდეგ დამკვირვებელმა საარჩევნო უბანი დატოვა, ხოლო სხვა დამკვირვებლები მას უკან გაედევნენ. თავმჯდომარემ უბანზე პოლიცია გამოიძახა.
ისნის #49 უბანზე ცესკო-ს წარმომადგენლებმა მოახდინეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთათვის გაცემული სამკერდე ნიშნის (მოწმობის) შემოწმება. აღმოჩნდა, რომ ამ უბანზე მედია საშუალება All media წარმომადგენლის მონაცემები (სახელი და გვარი) არ დაემთხვევა ცესკო-ს მიერ აღნიშნული შტრიხკოდით გაცემულ დამკვირვებლის მოწმობას. შედგა ოქმი მედია საშუალების წარმომადგენლის მიმართ და ამ საფუძველზე გაძევეულია უბნიდან. გამოძახებულ იქნა პატრულიც, რომელიც ჩაერთო საქმეში. დამატებით მოვიდა პოლიცია და გამოკითხეს კომისიის წევრები.
ხარვეზები დაფიქსირდა საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით.
ბათუმის #69.79.25 და ქუთაისის #48.59.33 უბნებზე საკონტროლო ფურცელი არასათანადო წესით შეივსო. კერძოდ, საკონტროლო ფურცელზე არ ფიქსირდება უბანზე მისული პირველი ამომრჩევლის ხელმოწერა.
გარდა ამისა, რამდენიმე უბანზე გამოვლინდა კომისიის წევრის მიერ დაკისრებული ფუნქციის არაჯეროვანი შესრულების ფაქტები.
კერძოდ, მარნეულის #69 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი კენჭისყრის შენობაში ამომრჩეველს პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე აძლევდა შესვლის უფლებას.
ზუგდიდში #65.67.30 უბანზე რეგისტრატორმა გადასატანი ყუთის უბნიდან გასვლის წინ წინასწარ მოაწერა ხელი ერთ-ერთი ამომრჩევლის გრაფაში.
ბათუმის #69.79.14 უბანზე სადემონსტრაციო ოქმში არ იყო შევსებული სპეციალური სიაში ამომრჩევლის რაოდენობა.
საია დამკვირვებლის არასათანადო ქცევის შემთხვევაზეც ავრცელებს ინფორმაცია - ვაკის #10 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია ”ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებელი ამომრჩეველთა სამაგიდო სიიდან ამომრჩევლის მონაცემებს იწერდა, რაც ორგანიზაციის განმარტებით, არ მოდის შესაბამისობაში კანონმდებლობის მოთხოვნებთან. საია-ს დამკვირვებლის მითითების შედეგად დარღვევა აღმოიფხვრა.
ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საია-ს დამკვირვებლებმა 33 საჩივარი დაწერეს და ჩანაწერთა წიგნში 25 შენიშვნა დააფიქსირეს.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს საია თბილისისა და 9 რეგიონში 400 - მდე დამკვირვებლით აკვირდება.
სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 400 საარჩევნო უბანში. 45 მაჟორიტარულ ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები.