ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გორის რაიონის 45-ე უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. კობახიძის ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე ენმ-ის აქტივისტი, "ენმ-ის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის ზონდერ-დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი", ალბერტ მერებაშვილი მივიდა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქართული ოცნების აქტივისტებს, რასაც მოჰყვა ორმხრივი ჩხუბი. მისი თქმით, არიან დაშავებულები ორივე მხრიდან, მათ შორის - თავად მერებაშვილი. კობახიძის განცხადებით, მომხდარის შემდგომ ადგილზე მივიდა მერებაშვილის მამა, იმედი მერებაშვილი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს და ამის საფუძველზე ამჟამად დაკავებულია. კობახიძე ქართული ოცნების მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და მსგავი ინციდენტების შემთხვევაში, დაუყონებლივ დაუკავშირდნენ სამართალდამცველებს.
"გორის რაიონში, სოფელ სობიში 45-ე უბანზე მოხდა ინციდენტი. ბადრი ბასიშვილის, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის ერთ-ერთი წარმომადგენელი, აქტივისტი ალბერტ მერებაშვილი, რომელიც არის კიკბოქსიორი, სპორტსმენი და რომელიც არის, როგორც ჩანს, ბადრი ბასიშვილის ზონდერ-დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, იყო მისული 45-ე საარჩევნო უბანთან. ეს ადამიანი გახლავთ თბილისის კუდ-ის ყოფილი უფროსის, რევაზ შიუკაშვილის დისშვილი. რა ტიპის ადამიანთან გვაქვს შეხება, ეს ყველაფერი კარგად წარმოაჩენს. მან ძალიან მძიმე პროვოკაციაზე სცადა ჩვენი აქტივისტების წამოკიდება. საარჩევნო უბანთან ჩვენი აქტივისტები იყვნენ მობილიზებულები და მან დაიწყო ძალიან მძიმე ფორმით შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი აქტივისტებისათვის. აქ საუბარი იყო გინებაზე ძალიან მძიმე, უწმაწური ფორმით, სხვადასხვა ფორმით იყო ეს ყველაფერი გამოყენებული. ამას მოჰყვა ინციდენტი. ინციდენტი იყო ორმხრივი და აქ აუცილებლად აღვნიშნავ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩვენს აქტივისტებთან შევიდა სწორედ ალბერტ მერებაშვილი, რომელმაც დაარტყა ჩვენს ერთ-ერთ აქტივისტს. ამას მოჰყვა ორმხირივი ჩხუბი, რომლის პირობებშიც დაშავდნენ ადამიანები როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. მათ შორის, დაშავებულია თავად ალბერტ მერებაშვილიც. შემდგომ უკვე მერებაშვილის მამა, იმედი შიუკაშვილი მივიდა ადგილზე, რომელიც შელაპარაკებაში შევიდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან. მათ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გაუწია წინააღმდეგობა და ამის საფუძველზე ის არის დაკავებული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს აქტივისტებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ასეთ ინციდენტებში მონაწილეობისაგან, არავითარ შემთხვევაში არ აჰყვნენ პროვოკაციას. როგორც კი ისინი დაინახავენ, რომ ასეთი ტიპის პროვოკაციას აქვს ადგილი, ისინი მაშინვე უნდა დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენი საქმე არ არის ინციდენტებში შესვლა, პროვოკაციების აყოლა. სამართალდაცმავი ორგანოების საქმე არის ინციდენტების განმუხტვა და პრევენცია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა ქალაქებსა და რაიონებშიც არის დაგეგმილი პროვოკაციები ენმ-ის მხრიდან. კონკრეტულად, მაგალითად, ბათუმში კონკრეტული გეგმები მზადდება ჩხუბებთან და პროვოკაციებთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, "მერებაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ საკრებულოს წევრები სოფელ სობისიდან, კობა ბერიანიძე გამგეობის თანამშრომლებთან და "ზონდერებთან" ერთად".
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. უწყებისვე ცნობით, მერებაშვილის მამა წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულად დააკავეს.