„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს განზრახული მარნეულის 50-ე უბნის ხელოვნურად ჩაშლა.
,,მინდა გაგაცნოთ ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. საარჩევნო უბნებზე არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი დარღვევები, რაზეც დღეს უკვე გააკეთეს შესაბამისი განცხადებები ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა. გვინდა გამოვეხმაუროთ კიდევ ერთხელ გუშინდელ ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა ნაც.მოძრაობის მხრიდან. ამ ინფორმაციაზე დღეს გაამახვილეს კიდევ ერთხელ ყურადღება არასამთავრობო ორგანიზაციებმა. საქმე ეხება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ადგილობრივი ხელისუფლების თუ „ქართული ოცნების“ დავალებით, საჯარო მოხელეებს ევალებათ, ასე ვთქვათ, ოთხკუთხედი ფორმით ბიულეტენების შემოხაზვა. ეს არის დეზინფორმაცია, ამაზე ჩვენ გუშინაც გავაკეთეთ განცხადება და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. ჩვენ ვეთანხმებით, რა თქმა უნდა, არასამთავარობო ორგანიზაციების შეფასებებს ამასთან დაკავშირებით, ეს არის, ბუნებრივია, კანონის დარღვევა, ამგვარი ფაქტი არის კანონის დარღვევა, ასეთი რამ ჩვენის მხრიდან არ მომხდარა. ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. ერთი კონკრეტული ინფორმაცია, ჩვენ გვაქვს მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ნაც. მოძრაობას აქვს განზრახული მარნეულის 50-ე უბნის ხელოვნურად ჩაშლა, ამისათვის მათ დაგეგმილი აქვთ შესაბამისი ზომების მიღება. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ასეთი რამ არ გააკეთონ, დაუშვებელია ასეთი ფორმებით მოქმედება საარჩევნო პროცესში და მოვუწოდებთ ჩვენს დამკვირვებლებს, ჩვენს წარმომადგენლებს უბანზე, რომ არ დაუშვან ასეთი რამ მარნეულის 50-ე საარჩევნო უბანზე. აღვნიშნავთ, რომ აქტივობა არის საკმაოდ დაბალი არსებული მონაცემებით, ათი საათის მონაცემებით. ძალიან მნიშვნელოვანია გაიზარდოს აქტივობა. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ გავიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გაეცეს ჩვენს ქვეყანაში ძალადობას. ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გამყარდეს ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 8 ოქტომბრის არჩევნებში”, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირკლი კობახიძემ.