საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანი მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში ტარდება.
„პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში. გარდა ამისა, 30 ოქტომბერს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები იმართება. ასევე ლაგოდეხსა და სენაკში იმართება საკრებულოს შუალედური არჩევნები”, - განაცხადა მიქელაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.
“დღეს ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის გაიხსნა დილის 8 საათზე და ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში. არჩევნები საერთო ჯამში ტარდება 2229 უბანზე და მათგან 9 არის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში არის 2 478 042. ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ იქ სადაც მხოლოდ პარლამენტის არჩევნები ტარდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ისინი მიიღებენ ერთ ბიულეტენს. აჭარის რეგიონში რეგისტრირებული ამომრჩევლები, საქართველოს პარლამენტის არჩევნების ბიულეტინის გარდა, ასევე მიიღებენ მეორე ბიულეტენს, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის. ასევე იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც იმართება საკრებულოს შუალედური, მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები მიიღებენ დამატებით თითო ბიულეტენს”, - განაცხადა მიქელაძემ.