,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან მხარდაჭერის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ EPP ყურადღებით ადევნებდა თვალს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურს.
,,30 ოქტომბერს დანიშნული მეორე ტურის წინ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოულმა შემდეგი განცხადება გააკეთა: “კვირას ქართველ ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მშვიდობიან გარემოში მისცეს ხმა. ძალადობას, დაშინებას, დარღვევებს და გაყალბებას არ აქვს ადგილი დემოკრატიულ არჩევნებზე. პირველი ტურის დროს იყო ინფორმაცია გარკვეულ ინციდენტებზე; ეს არ შეიძლება განმეორდეს მეორე ტურშიც. ზეწოლა ოპოზიციის მხარდამჭერებზე და ამომრჩეველზე მიუღებელია; ეს არის დემოკრატიული სტანდარტების და პოლიტიკური წესიერების ნორმების დაცვის საკითხი. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნები 30 ოქტომბერს, და მე ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ თავი შეიკავონ ძალადობისგან. პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად მოდის ასევე დემოკრატიული წესების პატივისცემის პასუხისმგებლობაც. სრულყოფილი დემოკრატია გულისხმობს ოპოზიციის უფლებებს და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას.”
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას მეორე ტურში და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესახებ, რომელიც გააჟღერა პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
“ძლიერი დემოკრატიული ოპოზიცია აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიისთვის და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. საქმე ეხება პლურალიზმს საქართველოში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პასუხისმგებელია მისი ამომრჩეველის და საქართველოს ყველა მოქალაქის წინაშე, რათა იყოს ძლიერი ოპოზიცია და გააკონტროლოს მთავრობა,” განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა.
ჯოზეფ დოულმა კიდევ ერთხელ გამოხატა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა არჩევნების დღის წინ:
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევას საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით, და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გვერდით ვდგავართ კანონის უზენაესობის დაცვაში, მედიის პლურალიზმისთვის ბრძოლაში, და მის ძალისხმევაში ებრძოლოს კორუფციას საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით. ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და წარმატებას პარტიის ყველა კანდიდატს” - ნათქვამია ენმ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.