ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 83 წლისთავი აღნიშნეს. შეხვედრას ქარხნის ხელმძღვანელობის მიწვევით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე და მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე ესწრებოდნენ.
1933 წლის 30 ოქტომბერს პირველად მოხდა მარგანეცის მოპოვება. ამ დღესთან დაკავშირებით ფეროს დამსახურებულ თანამშრომლებს ხელმძღვანელების მხრიდან საჩუქრები გადაეცათ.
ქარხნის დირექტორმა ვასილ გერეგამ ბოლო წლებში განხორციელებულ ტექნოლოგიურ განახლებაზე ისაუბრა, რომელიც გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების შემცირების კუთხით განხორციელდა. მისი განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ე.წ. ფილტრების მონტაჟს, რათა ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
„ჩვენ აღვადგინეთ და მოდერნიზაცია განვახორციელეთ ქარხნის მანქანა-დანადგარების. ასევე მოვახდინეთ ფილტრების მონტაჟი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რათა შევქმნათ უკეთესი სამუშაო პირობები და გავაუმჯობესოთ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა“ - განაცხადა ქარხნის დირექტორმა ვასილ გერეგამ.
ზესტაფონის მაჟორიტარმა კანდიდატმა შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას მეტალურგის დღე მიულოცა და მათი საქმიანობის მნიშნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„პირველ რიგში ვულოცავ ყველა მეტალურგს პროფესიულ დღეს. ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებიან და მაქსიმალურად უწყობენ ხელს ჩვენი რაიონის და ქვეყნის განვითარებას. ძლიერი ბიზნესი, ეს არის ძლიერი ეკონომიკა, რაც ძლიერი ქვეყნის გარანტია“ - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ.
დღეს ასევე ხელი მოეწერა მემორანდუმს კვლევით ინსტიტუტსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას შორის, რომელიც ითვლისწინებს თანამშრომლობას დარგის განვითარების კუთხით.