28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში ლეგენდარული თეატრალური მხატვრის ივანე ასკურავას პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ივანე ასკურავას მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი თეატრის, ოპერისა და ბალეტისათვის შექმნილი ესკიზები რომლებიც მხატვრის ოჯახსა და ხელოვნების სასახლის კოლექციებშია დაცული.
გამოფენის გახსნასთან ერთად, ღინისძიებაზე გაიმართება ივანე ასკურავასადმი მიძღვნილი ორენოვანი კატალოგის პრეზენტაცია. მხატვრის საუკეთესო ნამუშევრების კრებული ხელოვნების მხარდაჭერის ცენტრის მიერ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და ხელოვნების სასახლის მხარდაჭერით გამოიცა.
თავისი ნაყოფიერი მოღვაწეობის განმავლობაში ივანე ასკურავამ იმუშავა ორასზე მეტ დრამატულ, საოპერო და საბალეტო სპექტაკლზე, კინო-ტელეფილმსა თუ ტელეგადაცემაზე. 1948 წლიდან თითქმის ნახევარი საუკუნე დამდგმელ მხატვრად იმუშავა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ: ა. წუწუნავა, ვ. ყუშიტაშვილი, დ.ალექსიძე, ჰ.ვედეკინდი, გ.ჟორდანია და სხვები. აღსანიშანვია, რომ პირველად სწორედ ივანე ასკურავას ესკიზებით ხორცშესხმულ კოსტიუმებით გამოჩნდნენ ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის ანსამბლის წევრები.
მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია დიდ ბალეტმაისტერ ვახტანგ ჭაბუკიანთან თანამშრომლობას. მან გააფორმა ჭაბუკიანის ისეთი მნიშვნელოვანი საბალეტო სპექტაკლები როგორებიცაა; „მთების გული", „ჟიზელი", „ლაურენსია", „გორდა", „დემონი", „ვალპურგის ღამე" და სხვა.
ივანე ასკურავა სხვადასხვა დროს მონაწილეობდა საკავშირო, რესპუბლიკურ, ევროპისა და სხვა ქვეყნების გამოფენებში. იყო სრულმეტრაჟიანი კინოფილმების კონკურსისა და რამდენიმე საკავშირო ფესტივალის მრავალგზის ლაურეატი.
გამოფენას ხელოვნების სასახლის საექსპოზიციო სივრცე 10 დღე უმასპინძლებს.