25 ოქტომბერს, 17.00 საათზე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის ინიციატივით, დალი მაზმიშვილის წიგნის - “იმედით ძლეული უიმედობა“ პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი ,,იმედით ძლეული უიმედობა“ ეძღვნება სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას, მათ წარსულს და დღევანდელ ყოფას. წიგნი გამოიცა თბილისის მერიის ,კულტურული ღონისძიებების ცენტრის და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანადგომით.
ქალბატონი დალი მაზმიშვილი არის პოეტი, პედაგოგი და ისტორიკოსი. მის მიერ წარმოდგენილი ნაშრომი ისტორიულ-ლიტერატურული და ამავე დროს ფსიქოლოგიური თხზულებაა, რომელშიც საქართველოს უახლესი პერიოდის რეალური ცხოვრებაა აღწერილი. წიგნი ,,იმედით ძლეული უიმედობა“ თავებისაგან შედგება და თითქმის ყველა თავში ავტორი შიდა ქართლის ულამაზესი მხარის - სამაჩაბლოს მოსახლეობასთან გვაკავშირებს. წიგნში ასახულია ცხოვრება, რომელიც ქართველმა დევნილებმა 1990-2008 წლების ჩათვლით გამოიარეს. წიგნში ერთი თავი მთლიანად აფხაზეთის თემას ეძღვნება, სათაურით - ,,აფხაზეთო ჩემო!“.
წიგნის ,,იმედით ძლეული უიმედობა“ პრეზენტაციას დაესწრებიან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურული ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებს ასევე სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობა.