აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების პედაგოგებს შეხვდა და ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვიჩა შარაშიძე წარუდგინა.
ზურაბ პატარაძემ იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც მმართველმა გუნდმა პედაგოგებისათვის განახორციელა - მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოები, მაღალმთიანი სოფლებიდან უფასო ტრანსპორტირება, საიდანაც ბავშვებსა და მასწავლებლებს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევდათ. ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ იმ სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებას "ქართული ოცნება" გეგმავს.
"ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აჭარის მუნიციპალიტეტებისათვის, რადგან მსგავს შემთხვევებს ხშირად ჰქონდა ადგილი მაღალმთიან ხეობებში. ტრანსპორტირების უზრუნველყოფამ შედეგად მოიტანა მოსწავლეთა დასწრების 95%-მდე გაზრდა" - აღნიშნა პატარაძემ.
შეხვედრაზე ისაუბრეს სტატისტიკაზეც. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე, აჭარაში სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 60-ზე მეტ სკოლას, აშენდა 12 ახალი სკოლა.
ასევე, ისაუბრეს პედაგოგების ხელფასების ზრდაზე. მაღალმთიან აჭარაში პედაგოგები უკვე სარგებლობენ მთის კანონის შეღავათებით, რაც ხელფასზე 35%-იან დანამატს გულისხმობს.
ინფორმაციას აჭარის მთავრობის საზოგადოების სამსახური ავრცელებს.