აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) არჩევნების შედეგები შეაჯამა და მეორე ტურის თარიღი გამოაცხადა. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა, მიღებული ბიულეტენების რაოდენობამ კი როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ არჩევნებში შეადგინა 585 400. ბათილად იქნა ცნობილი 12 622 ბიულეტენი (7 212 მაჟორიტარული, 5 410 პროპორციული), რაც გამოყენებული ბიულეტენების დაახლოებით 4 %-ია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა: „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ - 5.89%, რაც 1 მანდატია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 29.62% , რაც 5 მანდატს შეადგენს. დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5.7%, რაც 1 მანდატია.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 45.13, რაც 8 მანდატს შეადგენს.
რაც შეეხება მეორე ტურის თარიღს, უსკოს განკარგულებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის თარიღად 30 ოქტომბერი გამოცხადდა.
ასევე, დამტკიცდა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო ბიულეტენების ტექსტები.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ საუკეთესო შედეგის მქონე 2 საარჩევნო სუბიექტის, ანუ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები.
არჩევნების მეორე ტური, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების პარალელურად, აჭარის ტერიტორიაზე არსებულ 5 ოლქში გაიმართება, ხოლო ერთ - ხულოს N73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, არჩევნების მეორე ტური მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.