საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საპარლამენტო არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის დღეს მაუწყებელთა ვალდებულებების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესაბამისად, მაუწყებლებს წინასაარჩევნო პროცესში არჩევნების განმეორებით კენჭისყრებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიმართ გარკვეული ვალდებულებები წარმოექმნებათ, კომისია კი აღნიშნული ვალდებულებების დაცვის მონიტორინგს უზრუნველყოფს.
”საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2016 წლის 22 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, იკრძალება წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, ხოლო კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურის მიზნებისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფისა და გაშუქების ვალდებულებები მაუწყებლებისათვის 2016 წლის 22 ოქტომბრის 00:00 საათიდან ხელახლა ამოქმედდება”, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 19 ოქტომბრის №532/2016 განკარგულებით საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრები 2016 წლის 22 ოქტომბერს გაიმართება.