საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსაფუძვლოს უწოდებს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებას, რომ სამხედრო მოსამსახურეებს 8 ოქტომბერს ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევენ.
სამინისტრო შესაბამის განმარტებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია: საქართველოს მთავრობის 2016 წლის 24 აგვისტოს №410 დადგენილების თანახმად, 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღისთვის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში სპეციალური საარჩევნო უბნები არ იქმნება. ამავე დადგენილების - "ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ მე-2 მუხლის ვ) პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც ვერ ტოვებენ მუდმივი დისლოკაციის ადგილს, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო ნაწილებთან ახლოს განლაგებულ ჩვეულებრივ სამოქალაქო საარჩევნო უბნებზე. ასეთი სულ 1290 სამხედრო მოსამსახურეა. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, არჩევნების დღეს, ყველა განწესის/მორიგეობის ცვლა, შესაბამისი სამხედრო ნაწილის/ქვედანაყოფის მეთაურის ან დაწესებულების/ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ უნდა განხორციელდეს 13:00 საათამდე. შესაბამისად, განწესში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ, ხმა მისცენ საცხოვრებელი რეგისტრაციის ადგილზე სამორიგეო საათების შესაბამისად. თავდაცვის სამინისტროს დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეები, როგორ საქართველოს სხვა მოქალაქეები, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ საცხოვრებელი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით".
სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.
"გამომდინარე აქედან, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან გაკეთებული განცხადება, თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს არ აძლევენ ხმის მიცემის საშუალებას, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან",-ნათქვამია განცხადებაში.