პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდებს, თავიანთი კონსტიტიციური უფლებამოსილება პირნათლად, მიუკერძოვებლად შეასრულონ და ქართულ სახელმწიფოს ემსახურონ.
დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს მოსახლეობას მიმართა და რჩევები საჯარო მოხელეებსაც მისცა.
„ძალიან მნიშველოვანია, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულებამ და არა მხოლოდ სამართალდამცავმა ორგანოებმა, თავიანთი კონსტიტიციური უფლებამოსილება პირუთვნელად, მიუკერძოვებლად შეასრულონ და ქართულ სახელმწიფოს ემსახურონ და არა რომელიმე პარტიას, მის ლიდერს, ან სხვა მოსაზრებებსა და ინტერესებს. თითოეული მათგანი, რომელიც სახელმწიფო ძალაუფლებითაა აღჭურვილი, პოლიცია იქნება თუ გამგებელი, საკუთარ არჩევანში თავისუფალია, როგორც ინდივიდი. მას საშუალება აქვს, არჩევანი დააფიქსიროს, მაგრამ როცა ისინი საჯარო ძალაუფლებას ახორციელებენ, მოწოდების სიმაღლეზე აბსოლუტურად მიუკერძოებელი და ნეიტრალური უნდა იყვნენ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის სპიკრის თქმით, 8 ოქტომბერს საკუთარი მოვალეობა ხალხმაც პირნათლად უნდა შეასრულოს.
„ხვალინდელი არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან ის უპრეცედენტო პოლიტიკური თავისუფლების პირობებში ტარდება. ბოლო წლების განმავლობაში, სერიოზული ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ თითოეულ თქვენთაგანს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონოდა, მაგრამ მეტი თავისუფლება მეტი პასუხისმგებლობაცაა. ამიტომ, მეტ თავისუფლებას ინდივიდუალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ“, - აღნიშნა სპიკერმა.
უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ მეტმა პოლიტიკურმა თავისუფლებამ ის ვითარება შექმნა, როცა ამომრჩევლის დიდ ნაწილს არჩევანი ბოლო წუთამდე არ აქვს გაკეთებული.
„დიახ, ეს სწორია, რადგან ჩვენს არჩევანზე ბევრი უნდა ვიფიქროთ. იმიტომ, რომ ჩვენს არჩევანზე პასუხს ვაგებთ. ხვალ ჭეშმარიტების საკითხი არ წყდება, ხვალ მართალი და მტყუანი არ იქნება. ამ პარტიისა და იმ პარტიის მხარდამჭერი, ხვალ ყველა მართალი ვიქნებით, ვინც არჩევანს საკუთარი სინდისით გავაკეთებთ. თავისუფალი არჩევანის შედეგად პარლამენტს მივიღებთ, რომელმაც ქვეყნის მართვა უნდა გააგრძელოს“, - განმარტა დავით უსუფაშვილმა.