დარწმუნებული ვარ, არჩევნების დღე ჩაივლის აბსოლუტურად მშვიდობიანად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მოსახლეობამ ეს დღე უნდა გამოიყენოს ქვეყნის განვითარებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად.
,,მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო თანაბარი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც იყო მართლაც უპრეცედენტო და ეს იყოს აღნიშნული ყველა ჩვენი მეგობრის მიერ. თუ არ ჩავთვლით იმ ძალიან სამწუხარო ფაქტს, რომელიც მოხდა რამდენიმე დღის წინ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს უმკაცრესად, ვინაიდან ეს იყო ნამდვილად სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში წინასაარჩევნო გარემოს ჩრდილი ვერ მიადგება. დარწმუნებული ვარ, რომ 8 ოქტომბერი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ჩვენი მოქალაქეები გამოხატავენ თავისუფალ ნებას, რა თქმა უნდა, დაუჭერენ მხარს საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე ჩაივლის აბსოლუტურად მშვიდობიანად და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ აუცილებლად გამოიყენონ ეს დღე, რათა ჩვენ ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.