ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიმართვის საფუძველზე ეროვნულ კომუნიკაციების კომისიაში „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებული საქმის მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შედგა. დღევანდელ სხდომაზე „რუსთავი 2“- მა GFK -სთან თანამშრომლობის დოკუმენტაცია კომისიის მიერ მიცემულ ორი დღის ვადაში სრულად არ წარმოადგინა, მიზეზად კი დაასახელა ის, რომ წერილში გასაგებად არ იყო მითითებული კონკრეტული მოთხოვნები. „რუსთავი 2“-ის იურისტებმა კომისიის წევრებს მოთხოვეს დაეკონკრეტებინათ რომელ დოკუმენტაციას ითხოვდნენ.
საქმის წარმოება ხვალ გაგრძელდება. კომისიამ „რუსთავი 2“-ს სრული დოკუმენტაციის წარსადგენად ვადა ხვალინდელ სხდომამდე მისცა. სრული დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ წერილობით მოთხოვნას კომისია ტელეკომპანიას დღეს ხელახლა გადაუგზავნის.