პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების NDI-სა და IRI-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან მაღალი დონის დელეგაციებია ჩამოსული, სადაც ევროპელი პოლიტიკოსებიც არიან.
„როგორც ყოველთვის, აპირებენ, ძალიან პირუთვნელი დასკვნა დადონ იმის თაობაზე, რასაც საარჩევნო პროცესებში ნახავენ. ერთხმად აღვნიშნეთ, რომ შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში არჩევნებამდე იყო. თუმცა, ისიც შეშფოთებით აღინიშნა, რომ ბოლო ხანებში გახშირებული მოვლენები და ძალიან მძიმე შემთხვევები ძალადობის საფრთხეს ქმნის, რომელიც თავიდან უნდა იქნას აცილებული. პირადად მე, 30-მდე პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მივწერე, რომ დამკვირვებლები გამოეგზავნა. მათი უმრავლესობა გამოგვეხმაურა და საქართველოში დამკვირვებლები ჩამოვლენ. ვიმედოვნებ, რომ ეს ფაქტიც იმ ცხელ თავებს გააციებს, რომლებიც რაღაც სხვა გზებით და საშუალებებით ამომრჩეველზე ზემოქმედებას აპირებენ. ეს იქნება ასაფეთქებელი მოწყობილობები, თუ ამ ასაფეთქებელი მოწყობილობების თაობაზე შემდგომ საუბრები. ეს იქნება პირდაპირი ძალადობა, თუ პირდაპირი ფსიქოლოგიური ზემოქმედება ამომრჩეველზე“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.