ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს. საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და დათქმულ დროს შესაბამისი პროცედურების დაცვით დაიხურა. დაილუქა საარჩევნო ყუთი და საქართველოში გამოიგზავნა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავღანეთის ტერიტორიაზე ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ფარვანის პროვინციაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი.
II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა მაზარ-ი-შარიფში გერმანულ ბაზა "მარმალზე" არსებულ საარჩევნო უბანზე მიიღეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. ხოლო ქაბულში "მტკიცე მხარდაჭერის მისიის შტაბში მყოფმა IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის "ალფა" ასეულის სამხედროებმა, საპარლამენტო არჩევნებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღეს მონაწილეობა, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები.
საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, მედიისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.